კენჭის ყრა (ნაწყვეტი)

კენჭის ყრაგოგია-ბატონო აზნოურები დიდი ხანია იცდიან, შემოვიყვანო?

ცქვიტ.-რაღას უცდიდი, რატო აქამდე არ შემოიყვანე?

ტყავაძე-ეს აზნაურები მეკენჭეები არიან, კარგად დაუხვდით.

(შემოდის ორი აზნაური, ჩოხაში, ქამარ ხანჯლებით გაწყობილი, ერთს წმ. გიორგის ჯვარი და ოქროს მედალი ჰკიდია)

ცქვიტ.-მობრძანდით ბატონო, უკაცრავათ! მე აქ თქვენ გელოდებოდით, ქი კი ბიჭმა თქვენ გაცდევინათ თურმე!

1 აზნ.-(ჯვარიანი) დილა მშვიდობის, ბატონო!

2აზნ.-მადლობა ღმერთს რომ მშვიდობით გხედავთ.

ცქვიტ.-(ხელს ართმევს) დაბრძანდით, აი აქ დაბრძანდით ! რამდენი ხანია აღარ მინახავხართ, ხომ კარგად ბრძანდებით, თქვენი ცოლშვილი?

1აზნ.-გმადლობ, შენი ჭირიმე, ქე გვიდგია გაჯახირებული სული.

ცქვიტ.-(მეორეს) თქვენი სახლობაც ხომ კარგათ ბრძანდება?

2აზნ.-ღმერთმა თქვენი თავი ნუ მოგვიშალოს! ქე ვართ გვარიანათ ღვთისა და თქვენის წყალობით!

ცქვიტ.- როგორი მოსავალია თქვენსკენ? ხომ კაი ამინდებია?

1 აზნ.-ვიღუპებით, ბატონო, ვიღუპებით! რაღა მოსავალი იქნება, ყაძახები ჩვენს ყანებს აღარ ამუშავებენ, ჩვენ ამ სიბერის დროს თოხს ვერ დავიკავებთ ხელში და ქე ვართ ასე გაჭირვებული!

2აზნ.-რაც დამუშავებული გვქონდა ბატონო, ისიც ქარმა და ავდარმა გაგვიფუჭა, სწორეთ ცუდი დღეი დაგვიდგა! შიმშილობამ ოელის ქვეყნიერობას!

ცქვიტ.-ყოველთვის ასე ხომ არ იქნება, ამ წელიწადში არ არის მოსავალი, მეორეში იქნება? ყაზახებს რომ შიმშილით კუჭი აეწობათ, ორივე ხელებით იმუშავებენ.

1 აზნ.-ნამეტანი გაჭირდა ცხოვრება! ადგილ-მამული აღარაფერ შემოსავალს იძლევა! ხარჯი კი ისევ ძველებური გვაქვს, აქეთ მევალე და ბანკი საშველს არ გვაძლევს, თქვენ ნუ მომიკვდებით, ბატონო, თუ ასე წავიდა ჩვენი საქმე, ყველაფერი ოხრათ დაგვრჩება!

2 აზნ.- არც ერთ კეთილშობილს არ შეგვრჩება ადგილ-მამული!

ცქვიტ.- დროს მოტანილს ისევ დრო წაიღებს, ნუ გეშინიათ. ვის არ უნახავს გაჭირვება, მარა არ უნდა დავეცეთ! უნდა გავისარჯოთ, უნდა შევებრძოლოთ სხვა და სხვა დაბრკოლებებს, იმდენი სამწუხარო ჯერ რა გააქვთ?

1აზნ.-ამაზედ უარესი თქვენს მტერს და დამაწყევარს ნუ ნახვოს ღმერთმა! ბანკმა ადგილ -მამული გამიყიდა, სარგებლის შემოტანა დამიგვიანდა და ერთი კვირაც არ მომიცადეს, დამიხსენით ბატონო, მომიხერხეთ რამე, თორე თავიც უნდა გავიუბედურო და ცოლშვილიც წყალში უნდა გადავყარო.

ცქვიტ.-ო, მესმის, მესმის! ეს სულ ბატონი დევდარიანის ოინები იქნება! ამისთანა ამაყი და ოხერი კაცი ბანკში გვყავს უფროსად და აბა რა იქნება! არაფრის შეგეშინდეს, ხვალვე მოვახერხებ რომ თქვენი მამული უკანვე დაგიბრუნონ.

1აზნ.-მაგი ხომ სულ გაკეთება იქნება! თქვენ პირს შაქარი! გამისთვის ვიკლავ თავს მარა…აქედანვე უნდა მითხრა რას გადამახდევინებ. ღარიბი კაცი ვარ, მარა, მაინც თქვენს წილ სირცხვილს არ ვჭამ.

ცქვიტ.-მე არაფერს არ ავიღებ!

1აზნ.-როგორ თუ არაფერს, აგი რავა შეიძლება?!

ცქვიტ.-სრულებით არაფერს! მე მაგისთანა სამართ₾იან საქმეში ფულს არ ვღებულობ! აბა რისთვის მიმიღია უმაღლესი სწავლა, თუ ჩემს მოძმეს არ გამოვადგები! თქვენ ჩემი ხასიათი კარგად არ იცით და იმიტომ გიკვირთ, სწორედ მეწყინება კიდეც რომ შემაძლიოთ ფული!

1 აზნ.-მადლობელი ვარ ბატონო, მარა რით შემიძლია გადავიხადო ამდენი დავალება?

2 აზნ.-ცოტა რამე ბატონო, ფაეტონის ქირა მაინც მიიღეთ!

ცქვიტ.-არაფრამდის! ასეთ საქმეში რომ ფული ავიღო, განა ეს ფული მე შემერგება? ჩემი გასამრჯელო და ჯილდო ის იქნება, რომ თქვენ დაგაწყნარებთ და თქვენს სურვილს შევასრულებ (მეორეს) თქვენც ამ საქმეზე ბრძანდებით ჩამოსული?

2 აზნ.-(მორცხვათ) არა, ბატონო, მე ცოტა სხვა საქმე მაქვს! ჩემი მამული არ არის ჯერ გაყიდუი, მარა ისე აწეწილია ჩემი საქმე, რომ დღეს თუ არა ხვალ მაინც საჯარო ვაჭრობით გამიყიდიან. ჩვენში, ბატონო, ხმაი ჩამოვიდა, რომ სახელმწიფო ბანკი დიდ ფულსაც იძლევა და სარგებელსაც უფრო ნაკლებს თხოულობსო.

ცქვიტ.-აქ რამდენ გაქვთ დაგირავებული?

2აზნ.-სამი ათასში, მაარა მეუბნებიან იქინეი ათი ათასსაც მოგცემენო.

ცქვიტ.-მე შემიძლია მოვახერხო, რომ 15 ათასიც მოგცენ.

2აზნ.- მომეხმარე შენი ჭირიმე, თუ თუთხმეტი ათასი მომცეს, მაშინ (საიდუმლო კილოთი) იმ ბანკს სულ შევატიებ ჩემს ადგილს და ქია! თქვენ ნუ მომიკვტებით, აღარ დაგიმალავდა, ოცენშიკები რომ არ დამეთრო, სამი ათასსაც არ მომცემდენ. ერთხელაც არ შევიტან სარგებელს!

ცქვიტ.-გადაგირავებას მე მოგიხერხებ, მხოლოდ ადგილის შეტიებას არ გირჩევ. შენი შვილები ხომ უადგილოდ დარჩებიან. თქვენს ნასახლარზეც ვინ იცის სადაურ გადამთიელებს გადმოასახლებენ.

2აზნ.- იმისთანა ხრიაკი ადგილია, რომ მარტო ტურის კივილი დაახრჩობს, ვინც უნდა გადმოასახლონ!

ცქვიტ.-მაგაზედ მერმე ვილაპარაკოთ! ახლა კი თქვენ ჩემს სახელზე ვექილობა გააკეთეთ და რამოდენიმე თვეში საქმე გათავებული გვექნება. რა თქმა უნდა, ფულს არც თქვენ გამოგართმევთ.

2 აზნ.-დიდი მადლობელი ვარ, ბატონო, თქვენისთანა კეთილი და განათლებული კაცი ღმერთმა ნუ მოუშალოს ჩვენს დაბეჩავებულს ქვეყანას. ჩვენც შეგვასახელეთ რამეზე ჩვენც გვიმსახურეთ, მართალია, დავღარიბდით, მარა მთლად კი არ დავგლახაკებულვართ!

ცქვიტ.-თქვენ კარგად იყავით და მოვესწრებით….არა, სწორეთ ძალიან მიკვირს რომ ერთი კაცი ვერ ვნახე დევდარიანის მადლიერი და მაინც ის არის ბანკის თავმჯდომარეთ.

1აზნ.-როგორც მე არ ვარგვარ, ბატონო მინისტერად, ისე არც ის ვარგა ბანკის უფროსად, მარა ყველაფერი თქვენისთანა ნასწავლი ხალხის ბრალია, კენჭის ყრაზე ბატონო, გამოდგებით და იძახით, დევდარიანი შესანიშნავი კაცია,ის ავირჩიოთო! აბა ჩვენ რა ვიცით,ვინ ვარგა და ვინ არა! რასაც თქვენისთანა კაცი გვეტყვის, ჩვენც იმას გავიმეორებთ.

ცქვიტ.-ახლა ის აღარც ნასწავლ კაცებს მოგვწონს და კიდეც გვინდა გამოვცვალოთ.

1 აზნ.-ოჰ, ნეტავი მაინც!

2 აზნ.-მაგისთვის სამახარობლო გერგებათ!

Qutaisis Xedi-2ცქვიტ.-ნასწავლმა კაცებმა პირდაპირ ვუთხარით შენის ნებით დაანებე თავითქო, მარა გაჯიუტდა. მე თავადი ვარ, ვინ გამიბედავს, შავი მომცესო. მე ვუთხარი, მარტო თავადები არ გეყოფა, აზნაურები მოგცემენ შავსმეთქი, იცით რა მიპასუხა?

1 აზნ.-რაი ბატონო?

2აზნ.-რაო?

ცქვიტ. -მე მეფის შთამომავალი ვარ, აზნაურები ჩემს ნაყმევებად მიმაჩნია, ვინ გამიბედავს, რომ შავი მომცესო.

1აზნ.-ღმერთო კი მომკალი, ვინ არის მისი ნაყმევი?

2აზნ.- რომ უძგუფებ შავ კენჭს ქე დეინახავს მაშინ!

ცქვიტ.-თქვენმა აზნაურუკებმა რა უნდა მიქნანო!

1 აზნ. -აგერ ვნახავთ თუ მარტო თავადები ეყოფა!

2 აზნ.-მთელი აზნაურობა შავს მისცემს მაი სიტყვები რომ სადმე გაამხილოს!

ცქვიტ.-გაამხილა და გაათავა, იმან საზოგადოებაში წამოგვიძახა ახნაურებმა რომ ხმა ამოიღონ სულ პანღურისრტყმევით გავაგდებ კრებიდანო.

2აზნ.- ხომ მალე იქნება კენჭისყრა?

1აზნ. – აბა ვნახოთ ერთი, რავა გაბედა მასეთი უზრდელობა!

ცქვიტ.-ყველას ძალიან მოგვივიდა გული, დავუწყეთ ძებნა ისეთ კაცს, რომელსაც კენჭისყრაში მისი დამარცხება შეეძლებოდა.

2აზნ.-ამისთანა ერთი თქვენ მეგულებით!

1აზნ.-ოხ ნეტავი ამას იზადეთ თუარა რაღა გვიჭირს!

ცქვიტ.-წარმოიდგინეთ, რომ ნასწავლმა კაცებმაც ერთხმად მთხოვეს, მარა მე ვერ გავბედე. მე ერთი უბრალო აზნაური ვარ და ის კი თავადია მეთქი!

1აზნ.- დათანხმდით ბატონო,ჩვენს გვარში ბარე 15 მეკენჭეა, ერთი არ დაგაკლდებათ!

2აზნ. -ჩემს გვარშიც ვიშოვნი 10 კენჭამდის, მთელი აზნაურობა თქვენსკენ იქნება!

ცქვიტ.-აქაც ბევრი მეხვეწეს. ვინ იცის, იქნება კიდეც დამიყოლიონ! ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენც კაცები ვართ, ჩვენც გვაქვს ძალა!.. ეხ როგორ გავერთეთ ლაპარაკს, (საათს ხედავს). უკაცრავად, სასამართლოში უნდა წავიდე! აი ვექილობის პირი, აქ ხელი მოაწერეთ (აძლევს მეორე აზნ.) და ნოტარიუსს დაამტკიცებინეთ.

2აზნ. – დიდად გმადლობთ ბატონო და აგი საქმე ბატონო კენჭის ყრამდის უნდა გამიკეთო შენი ჭირიმე.

ცქვიტ.-ოო, რათქმა უნდა, ფიქრი ნუ გექნებათ.

ქრისტ.-(სიჩქარით შემოდის, აზნაურები თავს უკრავენ) ო, ეს ყველა ჩემი ნაცნობი ყოფილა! გამარჯობა თქვენი ,ხომ კარგად ბრძანდებით, თქვენი მეუღლე? (მეორესაც) თქვენი?

1აზნ.-მოკითხვა შემოგითვალეს ბატონო.

2აზნ.-ჩემმა სოფიომაც მოკითხვა შემოგითვალათ.

ცქვიტ.-ქრისტინე, ჩვენ საქმეებზე მიგვეჩქარება.

ქრისტ.-მე ხომ არ გაკავებთ, ჯერ საქმე გააკეთეთ და მერე (აზნაურებს) გთხოვთ სადილად ჩვენთან დარჩეთ.იმისთანა ზუთხი გავაკეთებინე ქინძმარში რომ ვგონებ არ დამიწუნებთ.

2აზნ.-რათ სწუხდებით ბატონო..

1აზნ.-მადლობელი ვართ, მარა შეგაწუხებთ.

ქრისტ.-ძალიან მეწყინება რომ არ მოხვიდეთ! სოფელშიც ცოტა რამე უნდა დაგაბაროთ..

ორივე აზნაური-(თავს უკრავენ) -გმადლობთ, გეახლებით თუ არ შეგაწუხებთ..

ქრისტ.-შემაწუხებთ კიარა მასიამოვნებთ! შენც არ დაიგვიანო ჩემო ტატო, მთელი ქვეყანა შენ შემოგყურებს, საცაა კლიენტებიც მოვლენ.

ორივე აზნ.-(თავს უკრავენ) ნახვამდის ბატონო, მშვიდოით ბრძანდებოდეთ! (მიდინა ცქვიტიშვილი თავაზიანად გზას უჩვენებს)

ქრისტინე- ნახვამდის.. არ დაიგვიანოთ ( კარგახანს უყურებს)..იმ კუდაბზიკას ერთს არ ვაღირსებ თეთრ კენჭს (სარკესთან მიბრუნდება და ფიქრის შემდეგ) შავიაო! მაგისთანა მყრალი ენა რომ აქვს მაგიტომ დარჩა სულ უცოლოდ! (საწერ სტოლზე ქაღალდებს ალაგებს, მერმე იატაკისკენ გაიხედავს) უფ როგორ გაუსვრიათ პოლი ამ სოფლელ მურტალ აზნაურიშვილებს, გოგია, გოგია (შემოდის) ყოველთვის მე უნდა გითხრა, შენით ვერ ხვდები, რომ პოლს გაწმენდა უნდა?

გოგია-ახლა მოვდიოდი გასაწმენდად მარა ვინცხა ქალი შემხვდა ბატონს კითხულობს.

ქრისტ.-ვინაა თუ იცი? ლამაზია?

გოგია-ვინაა არ ვიცი მარა ვინცაა კაი კია, სწორეთ სურათია!

ქრისტ.-ვინ უნდა იყოს, კლიენტკა იქნება? უთხარი შემოვიდეს. (გოგია მიდის). ნუთუ ის არის, მაგრამ ის როგორ გაბედავს აქ მოსვლას?!

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s